პიკნიკი წარმოუდგენელია გემრიელი საჭმლის გარეშე. სუფთა ჰაერი, სხვადასხვა სპოტრული და თუ სახალისო აქტივობა და ბუნება ხელს უწყობს მადის გაძლიერებას.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი პიკნიკის განუყოფელი ნაწილი მწვადია. ეს კერძი იდეალურია, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ მის მომზადებას დრო სჭირდება.

ლოდინი არც ისე დამღლელი იქნება, თუკი წინასწარ ვიფიქრებთ საგზლის მომზადებაზე, რომლითაც სტუმრებს გავუმასპინძლდებით, სანამ ხორცი მომზადდება.

გადავწყვიტეთ შევარჩიოთ მარტივი, გემრიელი, ადვილად პორტირებადი და რაც მთავარია ქართული კერძები თქვენი პიკნიკის მენიუსთვის.

ჭვიშტარი

ქართული სამზარეულო წარმოუდგენელია სიმინდის ფქვილის გარეშე, ჭვიშტარი კი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და მარტივი კერძია.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ. ჭადის ფქვილი
  • 300 გრ. სულგუნი
  • 1 კვერცხი
  • წყალი

გახეხეთ სულგუნი. გააზავეთ ჭადის ფქვილი წყლით (ისე, რომ ცომი არ იყოს თხელი), შეურიეთ კვერცხი, ყველი და კარგად გადაზილეთ. დაყავით ცომი თანაბარ ნაწილებად, მიეცით ოვალური ფორმა და შეწვით ცოტაოდენ ზეთში.

ქართული სალათი

პიკნიკი წარმოუდგენელია სალათის გარეშე, ქართველების საყვარელი სალათის მომზადება კი ადგილზევე არის შესაძლებელი.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. პომიდორი
  • 1 კგ. კიტრი
  • 2 თავი ხახვი
  • 100 გრ. ნიგოზი

რეჰანი, ქინძი, მწვანე წიწაკა, ძმარი, კახური ზეთი და მარილი — გემოვნებით.

დაჭერით ყველა ინგრედიენტი, დაამატეთ წინასწარ გატარებული ნიგოზი, ძმარი და კახური ზეთი.

ქართული კანაპე

კერძის სათაური კი ჟღერს არაორგანულად, თუმცა კანაპეს ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს ქართული გემო. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ჩერი პომიდორი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი სულგუნი, რეჰანის ფოთლები და რა თქმა უნდა, კანაპეს ჩხირები.

ბოსტნეულის თეფში ან ბოსტნეულის ჩხირები

ვერავინ იტყვის უარს მსუბუქ, სასარგებლო და ნოყიერ ბოსტნეულზე. გირჩევთ, რომ ბოსტნეული ჯერ კიდევ შინ ყოფნისას მოამზადოთ. დაჭერით სასურველი ინგრედიენტები საშუალო ნაჭრებად და ჩაალაგეთ კონტეინერის ფსკერზე. არ დაგავიწყდეთ მწვანილი. ოხრახუში, კამა, კინძი და მწვანე ხახვი არა მარტო ბოსტნეულის გემოს გაალამაზებს, არამედ ხორცისთვისაც გამოგადგებათ.

ასევე, შეგიძლიათ დაჭრათ ბოსტნეული ჩხირების ფორმებად.

ხაჭაპური და ლობიანი

დარწმუნებულები ვართ, ხაჭაპურის და ლობიანის გარეშე თქვენი პიკნიკი ნაკლებად გემრიელი იქნება. ნუ იტყვით უარს ასეთ სიამოვნებაზე, აუცილებლად მოამზადეთ რომელიმე მაინც.

ცომის ინგრედიენტები:

  • 500 გრ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი
  • 100 გრ. მაწონი
  • 130 მლ. რძე
  • 10 გრ. შაქარი
  • 12 გრ. მარილი
  • 8 გრ. სოდა

ცომის მომზადება:

ჭურჭელში მოვათავსოთ ფქვილი, დავასხათ მაწონი, რძე, შაქარი, მარილი, 1 კვერცხი და სოდა. კარგად მოვზილოთ, ისე რომ არ იყოს კოშტები, დაახლოებით 5 წუთი. ცომი დავასვენოთ 15 წუთით, შემდეგ კიდევ ერთხელ გადავზილოთ, დავაგუნდავოთ და კიდევ 5 წუთით დავასვენოთ.

ხაჭაპურის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

  • 270 გრ. სულგუნი
  • 270 გრ. იმერული ყველი
  • 2 კვერცხი.

გავხეხოთ ყველი, კარგად გავწუროთ და შევურიოთ კვერცხი.

ცომის გუნდა გავაბრტყელოთ ისე, რომ ცენტრში იყოს უფრო სქელი, გარშემო კი უფრო თხელი. ყველის ბურთი მოვათავსოთ ცენტრში, ცომი ხინკალივით შემოვაკრათ და მოვაჭრათ კუჭი. გუნდა ნაკერის მხარით დავასვენოთ დაფქვილულ ზედაპირზე.

3 წუთში ავიღოთ ყველიანი გუნდა და ცენტრიდან გარეთ დავიწყოთ გაბრტყელება. გაბრტყელებული ხაჭაპური გადავიტანოთ ტაფაზე, რომელსაც უსვია ცოტა ზეთი და შევწვათ.

ლობიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

  • 430 გრ. მოხარშული ლობიო
  • 70 გრ. ხახვი
  • 15 გრ. ხმელი ქინძი
  • 15 გრ. უცხო სუნელი
  • 10 გრ. დაღერღილი წითელი წიწაკა

მოვთუშოთ ხახვი, შევურიოთ ლობიოს და კარგათ გავსრისოთ.ასევე, დავამატოთ სუნელები და მარილი, დანარჩენი ეტაპები კი ისეთივეა, როგორც ხაჭაპურის.

გისურვებთ გემრიელ დასვენებას!