მომზადების დრო: 30წთ
1 ულუფის კალორიულობა: 276კკალ
ულუფის რაოდენობა: 4

შემადგენლობა:

  • 10 ცალი დამუშავებული საშუალო ზომის კალმარი
  • 1 ცალი ლიმონი
  • 1 ცალი ყაბაყი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 2 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი პილპილი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 150მლ ნაღები
  • მარილი
  • პილპილი

საწებლის მოსამზადებლად:

  • 5 ცალი ქამა სოკო
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2 კბილი ნიორი
  • 100მლ ნაღები

მომზადება:

  1. მოვამზადოთ გულსართი: გასუფთავებული სტაფილო, ყაბაყი და ტკბილი პილპილი გავრეცხოთ და გავაშროთ, პილპილს მოვაცალოთ ყუნწი და თესლი.
  2. ყველა სახის ბოსტნეული დავჭრათ წვრილ კუბებად, შევწვათ ტაფაზე ცხელ მცენარეულ ზეთში (1 ს.კ.) 10 წუთის განმავლობაში და ხშირად მოვურიოთ.
  3. ბოსტნეულს მოვასხუროთ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ვამზადოთ კიდევ 5 წუთი.
  4. კალმარები გავრეცხოთ, გავაშროთ, გავასუფთავოთ და დავასხათ მდუღარე წყალი 1 წუთით. შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი, გავაშროთ და გამოვავსოთ გულსართით. ბოლოები დავამაგროთ ხის ჩხირებით.
  5. საწებლის მოსამზადებლად სოკო გავრეცხოთ, გავაშროთ და წვრილად დავჭრათ. ტაფაზე, ცხელ ზეთში შევწვათ სოკო 5 წუთის განმავლობაში და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ნიორი გავარჩიოთ; ოხრახუში გავრეცხოთ, გავარჩიოთ და მსხვილად დავჭრათ.
  6. შებრაწული სოკო გადავიტანოთ ბლენდერში, დავამატოთ ნიორი, ოხრახუში და დავაქუცმაცოთ. წვრილ ნაკადად ჩავუმატოთ 100მლ ნაღები და დავტოვოთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საწებელს მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით. სუფრასთან მიტანამდე შევინახოთ მაცივარში.
  7. ტაფაზე გავაცხელოთ დარჩენილი მცენარეული ზეთი და ფარშირებული კალმარები შევბრაწოთ თითო გვერდზე 30 წამის განმავლობაში. ტაფაშივე დავუმატოთ 150მლ ნაღები და 2 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან. შებრაწული კალმარები გადავიტანოთ ლანგარზე. სუფრასთან მივიტანოთ ცხელი, საწებელთან ერთად.

moreprodyktu-5-min